Home სახელმწიფო – დიასპორის ამბები “თბილისობა” ბარსელონაში

“თბილისობა” ბარსელონაში

by administrator
0 comment

ბარსელონაში „თბილისობის“ დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ქართული დიასპორის 1000-მდე წარმომადგენელი და საქართველოდან ჩასული დელეგაცია ესწრებოდა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ კონტანტინიდის, ხელმძღვანელობით.

წმინდა ნინოს სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სამრევლოს ინიციატივით და ბარსელონაში საქართველოს გენერალური საკონსულოს ხელშეწყობით გამართული ღონისძიების ფარგლებში, ორგანიზატორებმა დამთვალიერებლებს შესთავაზეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ამსახველი ინსტალაციები, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ საქართველოს რეგიონების კულტურას და ადგილობრივ სამზარეულოს, ასევე ქართული ღვინის წარმოების ისტორიას და კულტურას.

თბილისობის ფარგლებში გაიმართა კონცერტი, სადაც წარმოდგენილი იყო ბარსელონაში მოქმედი ქართული ფოლკლორული ანსამბლების შემოქმედება, მათ შორის, „წმინდა ანთიმოზ ივერიელის“ სახელობის ქართული საკვირაო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით.

ვლადიმერ კონსტანტინიდმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა დიასპორების უდიდეს წვლილზე საქართველოს პოპულარიზაციის და ქვეყნის იმიჯის განმტკიცების საქმეში და მადლობა გადაუხადა მათ მსგავსი სახის მასშტაბური კულტურული ღონისძიების ორგანიზებისთვის.

საქართველოს დელეგაციამ ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო ქართული კრივის კლუბ „იბერიას“ ორგანიზებულ სპორტულ შეჯიბრში.

ცნობისთვის, კლუბმა “იბერიამ” გაიმარჯვა საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამაში – „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“, პროექტით – „ქართული სპორტი ევროპაში“, რომელიც ქართული სპორტის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვა სპორტული ღონისძიებებიც.

საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ასევე ბარსელონაში მოქმედი „წმინდა ანთიმოზ ივერიელის“ სახელობის ქართული საკვირაო სკოლის სასწავლო წლის დაწყების ცერემონიაში.

აღსანიშნავია, რომ ბარსელონას საკვირაო სკოლა საზღვარგარეთ მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართული სასწავლებელია, რომელიც დღეის მონაცემებით, ესპანეთის სამეფოში მცხოვრებ 200-ზე მეტ ქართველ მოსწავლეს აერთიანებს.

You may also like

Leave a Comment

5 + four =