პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ საფრანგეთში მოქმედ საკვირაო სკოლების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან საკვირაო სკოლების მხარდაჭერის შესაძლებლობები განიხილეს.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საკვირაო სკოლები – „ლილე“ (ბორდო), „ფესვები“ (რენე), ქართული კულტურის კერა „ლაზი“ (პარიზი) და პარიზის წმ. თამარ მეფის სახელობის ტაძრის საკვირაო სკოლა „თამარიონი“.
შეხვედრის შემდეგ მიქანაძემ ქართული კულტურის კერა „ლაზი“ და პარიზის წმ. თამარ მეფის სახელობის ტაძრის საკვირაო სკოლა „თამარიონი“ მოინახულა და ამ სკოლებში საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო. 
საკვირაო სკოლა „თამარიონში“ ვიზიტისას მიქანაძე პარიზის წმ. თამარ მეფის სახელობის ტაძარში საკვირაო წირვას დაესწრო, რომელიც არქიმანდრიტმა ანტონ კანდელაკმა აღავლინა.
წირვის დასრულების შემდეგ გივი მიქანაძე ქართულ დიასპორას შეხვდა.
შეხვედრები საფრანგეთის რესპუბლიკასა და მონაკოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გოჩა ჯავახიშვილის ორგანიზებითა და მონაწილეობით განხორციელდა.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, კულტურის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტებთან ერთად, თემატური მოკვლევის დაწყებას გეგმავს, რომლის მიზანია საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლების საჭიროების შესწავლა.