ქალაქ კატერინში, ოლიმპოსის მთის ძირში, 9 ივლისს საზეიმოდ გაიხსნა ბერძნული ფესტივალი „ოლიმპოსის“ კულტურული პროგრამა – ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის “ერისიონის” წარმოდგენით.
კონცერტი ჩატარდა საქართველოს საელჩოსა და „ოლიმპოსის“ ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის „ორფეოსის“ თანამშრომლობის შედეგად და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.
საღამო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მისასალმებელი სიტყვებით გაიხსნა.
ბერძენ მაყურებლებთან ერთად, კონცერტს ესწრებოდნენ ათენისა და თესალონიკის ქართული დიასპორული ორგანიზაციების ქორეოგრაფიული ანსამბლების და შემოქმედებითი ჯგუფების აღსაზრდელები და პედაგოგები.
„ორფეოსის“ ხელმძღვანელობამ გამოთქვა სურვილი, ახლო მომავალში საქართველო „ოლიმპოსის“ ფესტივალზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარსდგეს.

