ქალაქ გდანსკის მეორე მსოფლიო ომის მუზეუმში დღეს პოლონეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის ქართველ საკონტრაქტო ოფიცრებს, კაპიტან ვიქტორ-ვახტანგ ლომიძესა და კაპიტან გიორგი (იეჟი) თუმანიშვილს იხსენებდნენ, რომელსაც 2008 წელს პოლონეთის მთავრობამ კონტრ ადმირალის წოდება მიანიჭა. ეს იყო პოლონეთ-საქართველოს ისტორიკოსთა კომისიის 6-წლიანი მუშაობის შემაჯამებელი ღონისძიების ერთი ნაწილი. კომისიამ ამ პერიოდში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ორი მეგობარი ქვეყნის ისტორიის შესწავლასა და სამომავლო ურთიერთობების განვითარებაში, რაზეც ამ ღონისძიებაზე შეჯამების სახით ისაუბრეს.
ღონისძიება პოლონეთში საქართველოს საელჩოს, პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტისა და ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევის ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.
პოლონეთში საქართველოს ელჩმა, დიანა ჟღენტმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და კომისიის თითოეულ წევრს მადლობის წერილები გადასცა.
„პოლონელ და ქართველ ერებს ხშირად უწევდათ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ბრძოლა, თუმცა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის იდეაზე უარი არასოდეს უთქვამთ“ – განაცხადა ელჩმა.
მრგვალი მაგიდის ფორმატში სხვადასხვა სახის დისკუსია, გაიმართა, რომლებშიც პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმაც მიიღო მონაწილეობა. მან ისაუბრა პოლონეთ- საქართველოს ისტორიულ ურთიერთობაზე, პოლონეთის მხარდაჭერაზე საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, ორ ქვეყანას შორის დაგეგმილ ეკონომიკურ და კულტურულ პროექტებზე.
შეკრებას ქართველი და პოლონელი მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები, სკოლის მოსწავლეები და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრნენ.
