5 ოქტომბერს, არგენტინაში საქართველოს საელჩოსა და სალვადორის უნივერსიტეტის ორგანიზებით, ამავე უნივერსიტეტის ფილოსოფიის, ისტორიის, ლიტერატურისა და აღმოსავლური სწავლებების ფაკულტეტზე გაიმართება საქართველოსადმი მიძღვნილი სემინარი, სახელწოდებით „ქართული სამყარო: ისტორია, ლიტერატურა, ხელოვნება“. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ბუენოს-აირესის საკრებულოს მიერ მიენიჭა „ეროვნული კულტურული ინტერესის“ სტატუსი.
ღონისძიებას გახსნიან ფილოსოფიის, ისტორიის, ლიტერატურისა და აღმოსავლური სწავლებების ფაკულტეტის დეკანი, დოქტორი ბერნანდო ხორხე ნანტესი და არგენტინაში საქართველოს ელჩი, გვარამ ხანდამიშვილი. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს ბუენოს-აირესის საკრებულოს წევრი, მარსელო გოუმანი.
აკადემიური წრისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ისაუბრებენ შემდეგ თემებზე: ქართველ-არგენტინელი ხელოვანი, დოქტორი გოჩა გაოზი: „საქართველო; ისტორიული, ლინგვისტური და კულტურული სამყარო“; პროფესორი პაულო ბოტა: „საქართველო კავკასიის შესახებ კვლევებში: კლასიკური ქართველური (ქართული) კვლევებიდან საერთაშორისო პოლიტიკამდე“; დოქტორი მარია დელ კარმენ მაგასი: „საქართველოს არტისტული სიმდიდრის აღმოჩენა. უძველესი ხანიდან თანამედროვეობამდე“; ელენა ოლივერასი: „გოჩა გაიოზი. ნაწერები ლაბირინთებში“.