რომში ცნობილი ქართველი პოეტის, მთარგმენილისა და აღმოსავლეთმცოდნის, პროფესორ გიორგი ლობჟანიძის პოეტური კრებულის – “სიზმრის ნანგრევებში”, იტალიური თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიება დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისში – „ფლორენციის სასახლის“ „პრიმატიჩოს“ საკონფერენციო დარბაზში, საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილის ფარგლებში გაიმართა. პრეზენტაციას რომის კურიის, ვატიკანში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და რომის ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ქეთევან ბაგრატიონ მუხრანბატონმა, წიგნის იტალიელმა გამომცემელმა ჯულიანო ლადოლფიმ, მთარგმნელმა ნუნუ გელაძემ და თავად ავტორმა, გიორგი ლობჟანიძემ. იტალიურ ენაზე პოეტის ლექსები წაიკითხა იტალიელმა მსახიობმა ჯულიო გრეკომ.
განსაკუთრებულად ემოციური აღმოჩნდა უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენებისადმი მიძღვნილი, იტალიურად და ქართულად წაკითხული ლექსები, რამაც საზოგადოების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
ღონისძიების დასასრულს მოწვეულ სტუმრებს საშუალება მიეცათ. დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და კერძები.
