სან-ფრანცსიკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინიციატივითა და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მხარადჭერით, ქალაქ სან-ხოსეს საჯარო ბიბლიოთეკაში პირველად ქართული წიგნების სექცია გაიხსნა.
პროექტის განხორციელებაში აქტიურად იყო ჩართული დიასპორული ორგანიზაცია “ქართული მემკვიდრეობის ფონდი”.
ჩრდილოეთ კალიფორნიაში, ქართული ლიტერატურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით, სან-ხოსეს ბიბლიოთეკას 80 ქართული მხატვრული და შემეცნებითი ლიტერატურა გადაეცა. ქართულ და ინგლისურენოვანი წიგნები ბიბლიოთეკის ელექტრონულ კატალოგში უკვე განთავსდა და ნებისმიერი მსურველისთვის არის ხელმისაწვდომი.
წიგნების გადაცემის ცერემონიას სან-ხოსეს მერი, მეტ მაჰანი, ქალაქის მთავარი ბიბლიოთეკარი, საქართველოს გენერალური კონსული ლევან ყულიჯანიშვილი, ქართული მემკვიდრეობის ფონდის ხელმძღვანელი და ქართული დიასპორის წევრები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში, მოწვეული სტუმრებისთვის ქართული ფოლკლორული კომპოზიციები, მომღერალმა ზუმბამ შეასრულა.
სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულო აგრძელებს საქართველოზე ცნობადობის ამაღლების მიზნით, დიასპორის მიერ ინიცირებული საგანმანათლებლო და კულტურული პროექტების მხარდაჭერას.
