აშხაბადში, მახტუმკული ფრაგის კულტურული მემორიალური კომპლექსის გახსნის ფარგლებში, თურქმენეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართულ მხარესთან თანამშრომლობით, მსოფლიოს გამოჩენილ მოღვაწეთა მემორიალების გვერდით შოთა რუსთაველის ძეგლი დაიდგა.
ძეგლის საზეიმო გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე საბიაშვილი, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე, იოსებ ბაღათურია, თურქმენეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, თურქმენეთის მთავრობისა და მეჯლისის, კულტურისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები.კონსტანტინე საბიაშვილმა, იოსებ ბაღათურიამ და საელჩოს თანამშრომლებმა ყვავილებით შეამკეს შოთა რუსთაველის ძეგლი. გახსნის ცერემონიალზე თურქმენეთის აკადემიური თეატრის მსახიობებმა გამართეს ლიტერატურული წარმოდგენა. ასევე წაიკითხეს ნაწყვეტები „ვეფხისტყაოსნიდან”.
შოთა რუსთაველის ძეგლის გახსნა თურქმენეთის დედაქალაქში ემსახურება ქართული მრავალსაუკუნოვანი კულტურული ტრადიციების პოპულარიზაციას საზღვარგარეთ და ამავდროულად ნათელი დადასტურებაა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრული და კულტურული კავშირების.