ბოლო დღეების განმავლობაში საზღვარგარეთ რადმდენიმე ქალაქში აფხაზეთის ომის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. ღონისძიებები ძირითადად საქართველოს “ახალგაზრდა ელჩების” მიერ იყო ორგანიზებული.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ფოტოგამოფენები, ფილმების ჩვენება, გაიმართა პოეზიის საღამოები, გაკეთდა მოხსენებები და აღევლინა ომში დაღუპულთა სულის მოსახსენებლი ლოცვები.
გთავაზობთ სხვადასხვა ქალაქში გამართული ღონისძიებების შესახებ მოკლე ინფორმაციას:
კინოჩვენება დუბლინში
პროგრამა „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ 2023 წლის ირლანდიაში გამარჯვებული ახალგაზრდა ელჩის თამარ მესხის ორგანიზებით აფხაზეთის ომის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი კონოჩვენება გაიმართა.
ღონისძიება University College Dublin-ის კინოდარბაზში გაიმართა. ნაჩვენები იყოს ანუნა ბუკიას დოკუმენტური ფილმი „მე გადავცურავ ენგურს“.
კინოჩვენების ფარგლებში საზოგადოებას სიტყვით მიმართა ირლანდიაში საქართველოს ვიცე-კონსულმა, სოფიკო ქოჩქიანმა და საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა თამარ მესხმა.
დამატებითი ინფორმაცია ირლანდიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის საქმიანობის შესახებ იხილეთ: https://www.facebook.com/youngambassadorgeorgiatoireland
ფოტოგამოფენა ბერლინში
„იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ 2023 წლის პროგრამის გამარჯვებულის, გერმანიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, თამარ ჩომახიძის ინიციატივით, 24 სექტემბერს ბრანდენბურგის კარიბჭესთან გაიმართა ფოტოგამოფენა აფხაზეთის ომის შესახებ. 
აღნიშნული ინიციატივა ეძღვნებოდა აფხაზეთის ომის დასრულების 30 წლისთავს. ფოტო-გამოფენის დამთვალიერებლებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ტრაგიკული ომი და ამ ფორმით გააპროტესტეს რუსეთის ოკუპაცია.
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის საქმიანობის გასაცნობად, ეწვიეთ ბმულს: https://www.facebook.com/YoungGeorgiansInGermany
თურქეთი
პროგრამა „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ 2023 წლის თურქეთში გამარჯვებულის სოფიკო ბზიშვილის ორგანიზებით და შოთა რუსთაველის კულტურის ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა ღონისძიება „აფხაზეთი ჩვენი ტკივილია“, რომლის ფარგლებშიც მოეწყო გამოფენა და პოეზიის საღამო.
ღონისძიებაზე მონაწილეობა მიიღო თურქეთის რესპუბლიკაში მცხოვრებმა დიასპორის წარმომადგენლებმა. ასევე, აფხაზეთის ოკუპაციასთან და სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით თავიანთი შეხედულებები და სამომავლო ინიციატივები გაგვიზიარეს საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში უმაღლესი განათლების მისაღებად ჩამოსულმა სტუდენტებმა.
აღნიშნულ ღონისძიების საპატიო სტუმრის რანგში ესწრებოდა თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ვიცე-კონსული, გიზო ბიბლაია.
დამატებითი ინფორმაცია თურქეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის საქმიანობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ: https://www.facebook.com/youngambassadorofgeorgiatotherepublicofturkey
ვარშავა
„იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ 2023 წლის პოლონეთში გამარჯვებულის, თორნიკე ცირეკიძის თანაორგანიზებით, 27 სექტემბერს ქალაქ ვარშავაში, პოლონეთში არსებულ მართლმადიდებლურ სამიტროპოლიტო რეზიდენციაში აფხაზეთის ომის 30 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა, სადაც წმ. მარიამ მაგდალინელის საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა, მამა ანატოლიმ გადაიხადა თანამემამულეების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი. 
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ფილმის ჩვენება – „აფხაზეთში დამარცხდა ომი“; ნაციონალური ქორეოგრაფიული ნომრის წარდგენა; ქართული პოეზიის კითხვა; ქართული პროდუქტების დეგუსტაცია. ასევე, ორგანიზატორებმა წარადგინეს თავიანთი მოხსენებები სხვადასხვა საკითხებზე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პოლონეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი თენგო ფურცელაძე, პოლონეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი დავით ადამაშვილი და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
დამატებითი ინფორმაცია პოლონეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის საქმიანობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ: https://www.facebook.com/profile.php?id=100069050895429
ღონისძიება ჰანოვერში
2023 წლის 15 სექტემბერს, გერმანიაში, ქვემო საქსონიის დედაქალაქ ჰანოვერში, გაიმართა სოხუმის დაცემის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა, მუხრან გულაღაშვილმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარია. 
ღონისძიება დიასპორული ორგანიზაცია „გერმანულ-ქართული სახლის“ ორგანიზებით ჩატარდა და მას ქალაქ ჰანოვერის მერი, ადგილობრივი ხელისუფლების, გერმანული საზოგადოებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
საღამოზე ნაჩვენები იყო აფხაზეთთან დაკავშირებული ვიდეომასალა. ასევე, გერმანიაში მოღვაწე ქართველმა მომღერლებმა ქართულ-აფხაზური სიმღერები შეასრულეს.
ორგანიზაცია „გერმანულ-ქართული სახლი“ 2023 წლის აპრილში ქალაქ ჰანოვერში დაფუძნდა და მიზნად ისახავს ხელოვნების, კულტურისა და განათლების სფეროს, აგრეთვე, გერმანულ-ქართული ურთიერთობების გაძლიერების მხარდაჭერას.
———
„იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ პროგრამა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს, გულისხმობს ახალგაზრდა ელჩების მიერ ადგილსამყოფელ ქვეყნებში ქართული კულტურის პოპულარიზაციას, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას, უცხოელ მეგობართა ქსელის შექმნასა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობას. პროგრამა, აგრეთვე, მძლავრი მექანიზმია სახალხო დიპლომატიის გასააქტიურებლად.
დამატებითი ინფორმაციას პროგრამის შესახებ იხილეთ: http://gda.ge/news/ikavi-sheni-kveknis-akhalgazrda-elchis-programis-gamarjvebulebi-gamovlindnen