Home ეროვნული სული “ქართველები ავსტრიაში” – მხტავარი გოგი ოქროპირიძე

“ქართველები ავსტრიაში” – მხტავარი გოგი ოქროპირიძე

by administrator
0 comment

ავსტრიაში საქართველოს საელჩოს ფეისბუკგვერდზე Georgia in Austria , რუბრიკაში “ქართველები ავსტრიაში” გამოქვეყნდა ინტერვიუ ავსტრიაში მცხოვრებ ცნობილ მხატვარ გოგი ოქროპირიძესთან. ეს რუბრიკა საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავს ეძღვნება.

ვენაში მცხოვრები ქართველი მხატვრის, გოგი ოქროპირიძის, სახელი კარგადაა ცნობილი. ის კარგა ხანია, სათავეში უდგას გაერთიანება “კულტურშმიდეს”, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ევროპაში ქართული კულტურის პროპაგანდაა. გოგი ოქროპირიძე ავსტრიაში 1990-იანი წლების დასაწყისიდან ცხოვრობს და ამ პერიოდის განმავლობაში როგორც ხელოვანმა, არაერთი საინტერესო პროექტი განახორციელა. მათ შორის არის “კულტურშმიდე”, რაც ქართულად ”კულტურის სამჭედლოს” ნიშნავს და ამ შემთხვევაში სახელი მართლაც რომ გამართლებულია, რადგან გოგი ოქროპირიძე თავად ლითონზე მომუშავე მოქანდაკე და რესტავრატორია. მთავარი კი ის არის, რომ ”კულტურის სამჭედლო” გულისხმობს სივრცეს, სადაც ადამიანები იდეებს გაცვლიან, ერთად იმუშავებენ. არა მარტო ”რკინას გააცოცხლებენ”, არამედ გააცოცხლებენ კულტურას, რომელსაც შეზღუდული სივრცე განვითარებაში უშლის ხელს.

ავსტრიაში საქართველოს საელჩოს ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში ის თავად გვიამბობს მისი ავსტრიაში მოღვაწეობის შესახებ. ამიტომ სრულად გთავაზობთ ამ ინტერვიუს:

– რატომ აირჩიეთ ავსტრია საცხოვრებლად?

– გოგი ოქროპირიძე: ავსტრია მე თვითონ არ ამირჩევია. ისე გამოვიდა, რომ ძალიან კარგმა ხალხმა დამპატიჟა და მომცა აქ ცხოვრების და მუშაობის საშუალება. ეს იყო 1980-იანი წლების ბოლო, 1990-იანების დასაწყისი. ჩვენი უმეტესობა მანამდე დასავლეთში, გასაგები მიზეზების გამო, ვერ ვმოგზაურობდით, შესაბამისად, ჩემი ინტერესი ძალიან დიდი იყო. ალბათ, დასავლეთის ნებისმიერ ქვეყანაში წასვლაზე დავთანხმდებოდი. სხვაგან როგორ აეწყობოდა ჩემი ცხოვრება, არ ვიცი. აქ დარჩენაზე მაშინ არც ვფიქრობდი, ასე გამოვიდა, თანაც მალე ვითარება საქართველოში ძალიან აირია და რომ დავბრუნებულიყავი, ვერ ვხვდებოდი, რა უნდა მეკეთებინა. მოკლედ, აქ შევრჩი და არც მინანია… საქართველოსთან კონტაქტი არასდროს შემიწყვეტია.

– როგორია თქვენთვის, როგორც ხელოვანისთვის აქ ცხოვრება და მოღვაწეობა?

გოგი ოქროპირიძე: ავსტრიაში ჩემი ცხოვრება და მოღვაწეობა დიდად არ განსხვავდება ჩემი აქ მაცხოვრებელი სხვა კოლეგებისგან. მარტო ხელოვნებით არსებობა, როგორც ყველგან, რთულია. ამიტომ სხვადასხვა სამუშაოს შესრულება გვიწევს ხოლმე. ბევრი მიმუშავია რესტავრატორებთან, არქიტექტორებთან. ერთი ძველის შენარჩუნებაა, მეორე კი ახლის შენება. ყველაფერი რაღაც ცოდნას და გომოცდილებას გძენს, რაც საინტერესოა.

გოგი ოქროპირიძე მუსიკოს დავით შუღლიაშვილთან და პოეტ ზვიად რატიანთან ერთად

მაქვს ჩემი სახელოსნო, სადაც ვმუშაობ და ასევე პატარა კულტურულ ღონისძიებებსაც ვაწყობ, არა მარტო ქართულს. შესაძლებლობის მიხედვით ვმონაწილეობ გამოფენებში. ჩემ გამოფენებს ვაკეთებ და რაც განსაკუთრებით მაინტერესებს, ავსტრიელ კოლეგებთან ერთად, ვუწევთ ორგანიზებას გაცვლით პროექტებს, ავსტრიელი (უფრო სწორედ, ავსტრიაში მცხოვრები) და ქართველი ხელოვანების მონაწილეობით. წლების განმავლობაში ბევრი გამოფენა, სიმპოზიუმი, ვორკშოფი, კონცერტი და ა. შ. მოეწყო, ამით ძალიან კმაყოფილი ვარ. იმედია, მომავალშიც მოვახერხებთ!

– რა მოგწონთ აქ ყველაზე მეტად?

გოგი ოქროპირიძე: ოტაკრინგი, უპპენპლატცი, ბაზარი ჩემ სახელოსნოსთან შაბათობით!

– რას ურჩევდით ავსტრიაში ახლად ჩამოსულ კოლეგებს?

გოგი ოქროპირიძე: არ ვიცი, რამდენად კარგი მრჩეველი ვარ… ახალგაზრდა ხალხს მეტი დრო და ენერგია აქვთ, ამას გამოყენება უნდა, სულ ერთია სად მოხვდებიან. ვენა არ არის ლონდონი ან ნიუ იორკი, მაგრამ აქაც საკმაოდ ბევრი რამ ხდება, ბევრი რამის ნახვა და სწავლა შეიძლება. ისიც გასათვალისწინებელია, რაზეც მე უკვე მოკლედ ვისაუბრე, მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ ბევრი სხვა რამის კეთებაც მოუწევთ. წარმატებას ვუსურვებ ყველას!

გოგი ოქროპირიძე შვილებთან ერთად

You may also like

Leave a Comment

17 − 8 =