Home ეროვნული სული თურქეთის მარმარილოს რეგიონის კავკასიურ-ქართული დიასპორული ასოციაციების ფედერაციის ოფისი გახსნა

თურქეთის მარმარილოს რეგიონის კავკასიურ-ქართული დიასპორული ასოციაციების ფედერაციის ოფისი გახსნა

by administrator
0 comment
საქართველოს ელჩი, გიორგი ჯანჯღავა, ბურსის რეგიონში სამუშაო მივლინების ფარგლებში,  თურქეთის მარმარილოს რეგიონის კავკასიურ-ქართული დიასპორული ასოციაციების ფედერაციის შენობის გახსნის საზეიმო ცერემონიას დაესწრო.
ელჩმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სახელით მადლობა გადაუხადა საზოგადოებას და განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი, ქართული წარმოშობის თურქეთის მოქალაქეებში კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების მნიშვნელობას.  მან ასევე ისაუბრა საქართველო-თურქეთს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობაზე და კმაყოფილებით აღნიშნა, რომ გრძელდება ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარების დადებითი დინამიკა.
გიორგი ჯანჯღავამ ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლზე საქართველოს განვითარების და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში და აღნიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა საქართველოს მთავრობის და საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისევე როგორც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ელჩმა, აგრეთვე, ისაუბრა იმ პროექტებსა და ინიციატივებზე, რაც მთავრობას გააჩნია საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებში კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების მიმართულებით.
გარდა ამისა, მან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სახელით თურქეთის ქალაქ ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციის ბაზაზე არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლს სამინისტროს მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში შეკერილი სასცენო კოსტიუმები გადასცა.
საელჩო სარგებლობს შემთხვევით და წარმატებას უსურვებს მარმარილოს რეგიონის ქართული დიასპორული ასოციაციების ფედერაციისა და ასევე, ზოგადად, ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების მესვეურებს, შემდგომ საქმიანობაში, ორი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

You may also like

Leave a Comment

nineteen + 15 =