საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან ერთად, უცხოეთში მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების სამუშაო კონფერენციას უმასპინძლა.
კონფერენციაზე ყურადღება დაეთმო უცხოეთში ქართულ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობას, ქართულ საკვირაო სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობას, სახელმწიფოს მხარდაჭერას ამ მიმართულებით და როგორც დაგეგმილ, ისე მიმდინარე პროექტებს. ასევე, ყურადღება გამახვილდა საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შექმნილი ინტეგრირებული სახელმძღვანელოების გაუმჯობესების გზებზე.
შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა. 
ვლადიმერ კონსტანტინიდიმ მადლობა გადაუხადა საზღვარგარეთ მოქმედი საკვირაო სკოლების ხელმძღვანელებსა და მასწავლებლებს იმ მნიშვნელოვანი საქმიანობისათვის, რომელსაც ისინი ეწევიან უცხოეთში მცხოვრები მოზარდი თაობისთვის მშობლიური ენის, ეროვნული და კულტურული იდენტობის შესანარჩუნებლად.
მან ასევე აღნიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სახელმწიფო ენის დეპარტამენტისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის როლი საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლებში სწავლების პროცესის, განსაკუთრებით კი ქართული ენის სწავლებისა და მისი გაუმჯობესების ხელშეწყობაში.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საზღვარგარეთ მოქმედი საკვირაო სკოლის ხელმძღვანელები და მასწავლებლები ავსტრიიდან, აშშ-დან, ბელარუსიდან, გერმანიიდან, ესტონეთიდან, ირლანდიიდან, თურქეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, კანადიდან, კვიპროსიდან, ნიდერლანდებიდან, პორტუგალიიდან, საბერძნეთიდან, საფრანგეთიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან და შვეიცარიიდან.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 150-მდე ქართული საკვირაო სკოლაა.