საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) ორგანიზებით, აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც “უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ” კანონში შესატანი ის ცვლილებები განიხილეს, რომელიც ისტორიულ, ენობრივ და ეროვნულ საკითხებს ეხება.
შეხვედრის დღის წესრიგი მოიცავდა ისეთ საკითხებზე მსჯელობას, როგორიცაა ტერმინების “დიასპორა“ და “თანამემამულე“ განმარტება კანონში, ქართველურ-კავკასიური ენებზე მოსაუბრე საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების გათვალისწინება კანონში და სხვა ისტორიული და ლინგვისტური საკითხები.
კანონში შესატანი ცვლილებების პროექტზე მუშაობდა ექსპერტი ეკა სირაძე, რომელმაც საზოგადოებას წარუდგინა პრეზენტაცია ისტორიულ და ენობრივ საკითხებთან დაკავშირებით შესატანი ცვლილებების შესახებ. პრეზენტაციის შემდეგ გამართა კითხვა-პასუხი და გამოითქვა მოსაზრებები განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ევროკავშრის მხარდაჭერით და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) პარტნიორობით, ჯერ კიდევ 2021 წლიდან დაიწყო დიასპორასთან ურთიერთობის გაღრმავებაზე ორიენტირებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობა, საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამისი პოლიტიკის, ეფექტიანი მექანიზმებისა და საკანონმდებლო ჩარჩოს მიმოხილვა. ხაზგასასმელია, რომ ამ პროცესში ჩაერთო მიგრაციისა და დიასპორის საკითხების კვლევის მიმართულებით მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი აკადემიური ინსტიტუციის – მაასტრიხტის უნივერსიტეტის კვლევითი გუნდი, რომელმაც, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და მიგრაციის პოლიტიკის საერთაშორისო ცენტრთან აქტიური კომუნიკაციის შემდეგ, მოამზადა ანგარიში.
აღნიშნული შეხვედრები ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – “განვითარებაზე მიგრაციის გავლენის გაძლიერება საქართველოში” (STREAMING) ფარგლებში.