ათენში გაიხსნა ენების ცენტრი ATHENS LANGUAGE SPOT, სადაც ქართველ ემიგრანტებსა და სხვადასხვა დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, შეისწავლონ უცხო ენები.
ცენტრის გახსნით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ათენში საქართველოს საელჩოს კონსულმა გელა ჯაფარიძემ და უფროსმა მრჩეველმა დავით კორძაძემ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ავთანდილ მიქაბერიძე, ფილოლოგიის მაგისტრი და ლიტერატურათმცოდნეობის დოქტორანტი, კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი თამთა ყალიჩავა და ანგლისტიკის მაგისტრი სოფიო კაკაჩია-ღეორღიუ, რომელიც ამავდროულად არის ხსენებული ცენტრის ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
ღონისძიების ფარგლებში სიტყვით გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს ათენში მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის უცხო ენების, ქართული ლიტერატურისა და ისტორიის შესწავლაში ქართველ მასწავლებელთა საქმიანობის მნიშვნელობას.