Home სახელმწიფო – დიასპორის ამბები ბერნის უნივერსიტეტში ქართული სწავლების მე-7 ლექციას საქართველოს განათლების მინისტრი დაესწრო

ბერნის უნივერსიტეტში ქართული სწავლების მე-7 ლექციას საქართველოს განათლების მინისტრი დაესწრო

by administrator
0 comment
2022 წლის 7 ნოემბერს ბერნის უნივერსიტეტში გაიმართა ქართული სწავლების ინტერდისციპლინური კურსის – „საქართველო ცივილიზაციათა გზაგასაყარზე“, მე-7 ლექცია, რომელსაც უძღვებოდა ბერნის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი მანუელა შტუდერ-კარლენი.
ლექციის თემა იყო შუა საუკუნეების ქართული ხელოვნება და არქიტექტურა. პროფესორმა ისაუბრა ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიის, განვითარების ეტაპებისა და ისტორიის შესახებ. პროფესორის თქმით, იმდროინდელი ქართული ნივთიერი კულტურის მაღალი დონის ყველაზე თვალსაჩინო მაჩვენებელი სწორედ ხუროთმოძღვრებაა.
ლექციას დაესწრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, რომელიც სამუშაო ვიზიტით იმყოფება შვეიცარიის კონფედერაციაში.
მინისტრმა სიტყვით მიმართვისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ბერნის უნივერსიტეტში საქართველოს მდიდარი ისტორიის, მრავალფეროვანი, გამორჩეული კულტურისა და ხელოვნების შესახებ სასწავლო კურსის განხორციელების მნიშვნელობას.
მიხეილ ჩხენკელის თქმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ქართველოლოგიის პროგრამის ფარგლებში ლექციებს კითხულობენ როგორც ქართველი, ასევე შვეიცარიელი, გერმანელი და ამერიკელი პროფესორები.
მინისტრმა პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს, ბერნისა და ფრიბურგის უნივერსიტეტებს.
14 ნოემბერს გაიმართება შემდეგი ლექცია თემაზე „ქართული ხელნაწერები“. ლექციას წაიკითხავს საქართველოს ხელნაწერთა ცენტრის მეცნიერი ნინო ქავთარია.

You may also like

Leave a Comment

five × 2 =