საქართველოსა და ირლანდიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ირლანდიის პარლამენტში საქართველოს ფოსტის მიერ გამოცემული საფოსტო მარკის პრეზენტაცია გაიმართა.
საფოსტო მარკა ექსკლუზიურად გამოიცა საქართველოს ფოსტის მიერ საქართველოსა და ირლანდიას შორის 25-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების აღსანიშნავად.
ღონისძიება, რომელსაც ირლანდიის პარლამენტის წევრები და დიპლომატიური კორპუსი ესწრებოდა, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით მოეწყო.სიტყვით გამოვიდნენ ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, გიორგი ზურაბაშვილი და ირლანდიის პარლამენტის თავმჯდომარე, შონ ო ფერგალი. მათ ისაუბრეს საქართველოსა და ირლანდიას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრობასა და თანამშრომლობაზე. ხაზი გაესვა ირლანდიის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ასევე აღინიშნა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე და კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ირლანდიის მტკიცე პოზიცია საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით.