ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინიცირებითა და ორგანიზებით გრძელდება საქველმოქმედო აქცია, რომელიც ითვალისწინებს ტრაპიზონის სხვადასხვა კლინიკებში საქართველოს მოქალაქეთათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებასა და კონსულტაციებს.
კლინიკა İMPERİAL-ში უფასო სამედიცინო გამოკვლევა ტრაპიზონში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ჩაუტარდათ.
გამოკვლევები მოიცავდა ფილტვების რენდგენოგრაფიას, მუცლის ღრუს ექოსკოპიის სრულ სპექტრს, სისხლის საერთო ანალიზს, სისხლში ნატრიუმის, კალიუმის, შარდოვანას, კრეატინინის, შაქრის, ქოლესტერინის, თირეოტროპული ჰორმონის, გლომერულური ფილტრაციის სიჩქარის, ვიტამინ B12, კალციუმის, ღვიძლის ფუნქციებისა და C რეაქტიული ცილის განსაზღვრას. გამოკვლევების შემდეგ პაციენტებს შესაბამისი კონსულტაცია გაუწია შინაგანი სნეულებების სპეციალისტმა.
სამედიცინო კვლევები კლინიკა İMPERİAL-ის ხელმძღვანელობასთან წელს, ოქტომბრის დასაწყისში მიღწეული შეთანხმების ფარგლებში ტარდება. აღნიშნული აქციის მხარდაჭერისათვის გენერალური საკონსულო განსაკუთრებულ მადლობას უხდის კლინიკა İMPERİAL-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, ჰუსეინ ქოჩს, მის მოადგილეს, მეჰმეთ ჩელების, კლინიკის მთავარ ექიმს, ჯემილ ბაიარსლანს, დირექტორის მოადგილეს, სადეთ გულბაის, შინაგანი სნეულებების ექიმს, ლევენთ ოსმან ერდემლის და საერთაშორისო განყოფილების წარმომადგენელს ელიფ (ნათია) შაჰინს.
გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, მსგავსი აქციები მომავალშიც გაგრძელდება, რის თაობაზეც ინფორმაცია გავრცელდება.