ვენაში 17 ნოემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტის ავტორმა, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქალაქ გრაცის ქართული საკვირაო სკოლა “იმედის” ხელმძღვანელმა, რუსუდან ზაზაშვილმა, საღამოზე წარმოადგინა ფოტოგამოფენა “ქართული საგანძური ავსტრიაში – ვიცოდეთ რისი პატრონები ვართ”.
ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იყო შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცული ოქროს ფონდის 33 ექსპონატი – ქართული ქრისტიანული ხელოვნების ნიმუშები ორიგინალის ზომის ფოტო-ვერსიების სახით, რომლებიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელმა და გამოფენის კურატორმა, მაია ჯამბაზიშვილმა. წარადგინა.
პროექტის ფარგლებში ასევე გაიმართა ფილმ “ექვთიმე ღვთისკაცის” ჩვენება, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავს.
ფილმის ჩვენებას ესწრებოდა რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე და მთავარი როლის შემსრულებელი რეზო ჩხიკვიშვილი, რომელმაც კინოჩვენების შემდეგ აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა.
საქართველოს ელჩმა ქეთევან ციხელაშვილმა მადლობა გადაუხადა პროექტის მონაწილეებს და ყურადღება გაამახვილა მსგავსი სახის პროექტების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე, ჩვენი ქვეყნის კულტურისა და ღირსშესანიშნაობების პოპულარიზაციის მიზნით.
საღამო მუსიკალურად გააფორმა გრაცის ქართული საკვირაო სკოლა “იმედის” ბავშვთა ვოკალურმა გუნდმა.