Home სახელმწიფო – დიასპორის ამბები ქართული ღვინის დღეები ისლანდიაში

ქართული ღვინის დღეები ისლანდიაში

by administrator
0 comment
2023 წლის 21-23 ნოემბერს, საქართველოს საელჩოს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ისლანდიაში საქართველოს საპატიო კონსულის, ჰრანარ ბიორნ არნარსონის თანაორგანიზებით, რეიკიავიკში ქართული ღვინის დღეები გაიმართა.
ქართული ღვინის პოპულარიზების მიზნით, მსგავსი ტიპის მასშტაბურ ღონისძიებათა სერია ისლანდიაში პირველად ჩატარდა და მიზნად ისახავდა საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს ცნობადობის გაზრდასა და ქართული ღვინის საექსპორტო შესაძლებლობების ხელშეწყობას.
ღონისძიების ფარგლებში შეხვედრა შედგა ისლანდიის ღვინის მონოპოლისტი სახელმწიფო კომპანიის Vínbúðinn ხელმძღვანელობასთან, სადაც საუბარი შეეხო ღვინის ბაზრის ტენდენციებსა და ქართული ღვინის პოპულარიზების პერსპექტივებს. ამავე ორგანიზაციამ ადგილობრივი სომელიეებისთვის პროფესიული ღვინის მასტერკლასსაც (tasting) უმასპინძლა.
აღსანიშნავია, რომ ქართული ქვევრის/ბიო-ღვინო ისლანდიაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მიუხედავად იმისა, რომ Vínbúðinn-ში ქართული ღვინის გაყიდვა ერთი წლის წინ დაიწყო, კომპანიის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემებით, გაყიდვების მიხედვით, ქართული ღვინო უკვე უსწრებს ღვინის მწარმოებელ ბევრ წამყვან ევროპულ ქვეყანას.
რეიკიავიკში მდებარე კინოთეატრში Bíó Paradís შედგა სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმის „საქართველო – ღვინის სამშობლო“ ჩვენება, რომელსაც სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, ბლოგერები, დიპლომატიური კორპუსისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ჯამში 100-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა.
ფილმის დაწყებამდე, სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა ნატა მენაბდემ, საპატიო კონსულმა ჰრანარ ბიორნ არნარსონმა და საქართველოს ღვინის სააგენტოს წარმომადგენელმა. ელჩმა წარადგინა საქართველო, როგორც უძველესი ისტორიისა და კულტურის ქვეყანა, ისაუბრა ჩვენი ქვეყნის ტურისტულ შესაძლებლობებზე, ყურადღება გაამახვილა ქართული ღვინის წარმოების უძველეს, 8000-წლიან ისტორიასა და ქართული ღვინის წარმოების უნიკალურ მეთოდებზე.
ისლანდიის დედაქალაქში მდებარე ბიზნეს-ცენტრში ქართული ღვინის პრეზენტაცია და მასტერკლასები გაიმართა, რომელშიც ადგილობრივი ღვინის ექსპერტები, დარგის სპეციალისტები, ბიზნესწრეების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და სხვა სტუმრები მონაწილეობდნენ.  აღსანიშნავია, რომ გამორჩეულად მაღალი დაინტერესებისა და მონაწილეობის მსურველთა რაოდენობის გამო, პროფესიული ღვინის დეგუსტაცია ორ ნაწილად ჩატარდა.
ხაზგასასმელია, რომ საქართველოს საელჩოსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებული აქტივობების შედეგად, ნორდიკულ ქვეყნებში ქართული ღვინო უფრო და უფრო პოპულარული ხდება და საგრძნობლად იზრდება რეგიონში ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალი.

You may also like

Leave a Comment

one − 1 =