საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისს აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკაში საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა, რომელიც აშშ-ში საქართველოს საელჩოს მიერ იყო ორგანიზებული.
ღონისძიება აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა გახსნა. სტუმრებს სიტყვით მიმართეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, დერეკ ჰოგანმა და თავდაცვის მდივნის თანაშემწემ, ლორა კუპერმა. საღამოს საქართველოს დესპანი აშშ-ში ხათუნა კვესელავა უძღვებოდა.
მოწვეულმა სტუმრება საზოგადეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს და ხაზი გაუსვეს საქართველოს თავდადებულ ბრძოლას და დღევანდელი გამოწვევების ფონზე, საქართველოს თავისუფლების გასამყარებლად საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცების აუცილებლობას.ღონისძიება ქართული კულტურისა და თანამედროვე ხელოვნების კომპონენტებს მოიცავდა. საქართველოსა და აშშ-ის ჰიმნები ცნობილმა ქართველმა მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ შეასრულა.
სპეციალური მოწვევით, მუსიკალური ნომრებით წარდგნენ თეატრალურის კვარტეტი და კომპოზიტორი ქეთი გაბისიანი.
ღვინის ეროვნული სააგენტოს კამპანია Wines of Georgia-ს ფარგლებში და ქართული ღვინის იმპორტიორი კომპანიების ჩართულობით (Silk Road Wine, Georgian Wine House, Interbalt Wines and Fine Spirits) მოეწყო ქართული ღვინის დეგუსტაციის კუთხე.
ღონისძიებას 600-მდე სტუმარი ესწრებოდა აშშ-ის სახელმწიფო სტრუქტურებიდან, კონგრესიდან, არასამთავრობო და ანალიტიკური ორგანიზაციებიდან, დიასპორული ორგანიზაციებიდან, და ასევე დიპლომატიური კორპუსის, თავდაცვის, ბიზნესისა და მედიის სფეროდან.
აშშ-ში საქართველოს საელჩო მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის პარტნიორ ორგანიზაციებს Mtevino ∙ მტევინო, Deka Development, Sarajishvili, Shumi Winery, Chateau Mere, Svanidze Olives, Borjomi, The Georgian -American Youth Association.




