ციურიხში გამოჩენილი ქართველი ლინგვისტის, ქართველოლოგის, ციურიხში ქართული სტამბა „ამირანის“ დამაარსებლის, ციურიხის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის, პროფესორ კიტა ჩხენკელის მემორიალური დაფა გაიხსნა.
მემორიალი იმ შენობის (Theaterstrasse 4) ფასადზე განთავსდა, სადაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1963 წლამდე ცხოვრობდა პროფესორი კიტა ჩხენკელი. ამავე შენობაში მდებარეობდა ქართული გამომცემლობა „ამირანი“, სადაც მისივე ჩამოსხმული სასტამბო შრიფტით იბეჭდებოდა მისი ნაშრომები და ქართული ლიტერატურის ნიმუშები. 1961 წელს მას ციურიხის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭა.საზეიმო ღონისძიების გახსნისას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პროფესორ კიტა ჩხენკელის ღვაწლსა და საქართველო-შვეიცარიის ურთიერთობების გაღრმავების საქმეში მის მიერ შეტანილ წვლილზე ისაუბრა. მან ხაზგასმით აღნიშნა კიტა ჩხენკელის საქმიანობა ქართული ენის სახელმძღვანელოსა და ქართულ-გერმანული ლექსიკონის გამოცემის მიმართულებით, რაც უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ქართველოლოგიის ისტორიაში.
მინისტრის თქმით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ციურიხის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროგრამა აღდგეს და განვითარდეს.
„ჩვენ ვამაყობთ, რომ ეს გამორჩეული პიროვნება ცხოვრობდა ამ ქალაქში, ციურიხში და ახლა გვაქვს შესაძლებლობა, მისი სახელობის მემორიალური დაფის გახსნით მის ხსოვნას სათანადო პატივი მივაგოთ. როგორც ცნობილია, კიტა ჩხენკელი ცხოვრობდა მოკრძალებულად, ერთ ოთახში, სადაც მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა. ამ ყველაფრის მიუხედავად, მან თავდაუზოგავი შრომითა და ძალისხმევით შეძლო და დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი ციურიხის უნივერსიტეტში, სადაც მან არაჩვეულებრივი კარიერა შექმნა“ – თქვა ციურიხის უნივერსიტეტის რექტორმა.საქართველოს ელჩმა რევაზ ლომინაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს მეგობართა ასოციაციას კიტა ჩხენკელის მემკვიდრეობაზე ზრუნვისა და დაცვისთვის.
ელჩის თქმით, ეს გახლავთ ისტორიული დღე, რადგან კიტა ჩხენკელის სახელობის მემორიალური დაფის გახსნით შესაძლებელი გახდა მისი ხსოვნისა და ღვაწლის პატივისცემა.
მემორიალური დაფის გახსნისთვის საქართველოს საელჩო მადლობას უხდის შვეიცარულ მხარეს, კერძოდ, საგარეო საქმეთა ფედერალურ დეპარტამენტს, ციურიხის უნივერსიტეტს, ციურიხის კანტონს, ქ.ციურიხის მერიას, სხვა შესაბამის სტრუქტურებსა და კიტა ჩხენკელის საცხოვრებელი შენობის მეპატრონეებს, რომლებთანაც დიპლომატიური მისია აწარმოებდა მოლაპარაკებებს.
