Home გართობა და შჯიბრებები ლევილის მამულში ქართული ფესტივალი დასრულდა

ლევილის მამულში ქართული ფესტივალი დასრულდა

by administrator
0 comment

ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალის დასკვნითი ღონისძიებები ჩატარდა.

19 აგვისტოს სტუმრების წინაშე წარსდგნენ ნეკა სებისკვერაძე და „თეატრალურის კვარტეტი“, ეთნო-ჯაზ ჯგუფი „ირიაო“ და ქუთაისის ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი.

სტუმრები ასევე დაესწრნენ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სპექტაკლს „ყველაფერი ნამდვილად იყო“, რომელიც სპეციალურად ამ ფესტივალისთვის შეიქმნა, ვანო ხუციშვილის რეჟისორობით.

ფესტივალი 20 აგვისტოს სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტით დასრულდა. მანამდე კი მაყურებელი ფოლკლორული ანსამბლ „იალონის“ შემოქმედებას გაეცნო და კიდევ ერთხელ იხილა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სპექტაკლს „ყველაფერი ნამდვილად იყო“.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალი პირველად გაიმართა, რომელიც 29 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობდა. ღონისძიებები ყოველ შაბათ-კვირას იმართებოდა, რომელსაც ყველა მსურველი უფასოდ ესწრებოდა.

მეოცე საუკუნის 20-იანი წლების შემდეგ ლევილის მამული პირველად მასპინძლობდა ამ მასშტაბის კულტურულ ღონისძიებათა ციკლს. თუმცა, 3 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში დატრიალებული ტრაგედიის გამო, ფესტივალის პროგრამა შეიცვალა, კერძოდ, 5-6 და 12-13 აგვისტოს დაგეგმილი კონცერტები გაუქმდა.

ფესტივალში მონაწილეობდნენ, როგორც მუნიციპალური, ისე სხვადასხვა რეგიონის სახელმწიფო თეატრები, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები, კერძოდ:

  • საქართველოს კამერული გუნდი სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით;
  • თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი („იავნანამ რა ჰქმნა?!“ და „საქართველო“, რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი);
  • ფოლკლორული ანსამბლი „მარგალიტი“;
  • საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტი;
  • ანსამბლი „ბასიანი“;
  • ქუთაისის კამერული გუნდი;
  • ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო თეატრი („ხალდე“ და „ჩემო კალამო“, რეჟისორი გიორგი სიხარულიძე);
  • ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი („მატარებელი“, რეჟისორი გოჩა კაპანაძე);
  • ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი („ფიროსმანი“, რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი).

You may also like

Leave a Comment

one + six =