ბუდაპეშტში მდებარე თბილისის მოედანზე ქართულ-უნგრული მეგობრობის საღამო გაიმართა, რომელიც იოჟეფვაროშის რკინიგზელთა ასოციაციის ორგანიზებითა და უნგრეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა.
ღონისძიება ბუდაპეშტის VIII რაიონის თვითმმართველობის წარმომადგენელმა კოპანი ბენდეგუზმა გახსნა. საქართველოს ელჩმა თამარ ლილუაშვილმა კი საზოგადოებას ვიდეოჩანაწერით მიმართა. 
ღონისძიებაზე წარსდგა უნგრელი მუსიკოსი პატრიკ პრომერი, რომელმაც საკუთარი ნაწარმოებები და პოპულარული უნგრული სიმღერები შეასრულა.
ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო კერძები და ღვინოები როგორც უნგრული, ასევე ქართული სამზარეულოდან. ბავშვებისთვის მოეწყო სპორტული შეჯიბრი.
ქართულ-უნგრულ მეგობრობის საღამოს ესწრებოდნენ იოჟეფვაროშის თვითმმართველობისა და საელჩოს წარმომადგენლები, ადგილობრივი მოსახლეობა და უნგრეთში მცხოვრები თანამემამულეები.