Home სახელმწიფო – დიასპორის ამბები „აწარმოე ბიზნესი საქართველოსთან“ – მრგვალი მაგიდა ბრიუსელში საქართველოს საელჩოში

„აწარმოე ბიზნესი საქართველოსთან“ – მრგვალი მაგიდა ბრიუსელში საქართველოს საელჩოში

by administrator
0 comment
2022 წლის 3 ნოემბერს ბრიუსელში საქართველოს საელჩოში, საქართველოსა და ბელგიის კომპანიების მონაწილეობით, მრგვალი მაგიდა „აწარმოე ბიზნესი საქართველოსთან“ გაიმართა.
მრგვალი მაგიდა ორგანიზებული იყო ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საელჩოს, ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობისა და ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) EU – Georgia Business Council EUGBC მიერ.  ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 60-მდე კომპანიის წარმომადგენელმა საქართველოდან და ბელგიის სამეფოდან.
მრგვალი მაგიდა მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვახტანგ მახარობლიშვილმა, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ, ვალონიის ექსპორტისა და ინვესტიციების სააგენტოს (AWEX) ევროპის მიმართულების დირექტორმა ივ რიჩარდმა და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის (DG NEAR) აღმოსავლეთ პარტნიორობის განყოფილების ხელმძღვანელმა მიხაელ რუპმა.
საქართველოს ელჩმა ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესსა და ეკონომიკურ ინტეგრაციაზე და ხაზი გაუსვა ქვეყნის სტაბილურ და მიმზიდველ ბიზნეს გარემოს. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ბელგიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავზე, აღნიშნა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით არსებული პოტენციალის ათვისების საჭიროება და ორმხრივი თანამშრომლობის განსავითარებლად სავაჭრო მისიების განხორციელების მნიშვნელობა.
სამუშაო სესიის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის, ბიზნესგარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაციები გააკეთეს სხვადასხვა ქართულმა კომპანიებმა და EUGB-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
ღონისძიების დასასრულს ქართული და ბელგიური კომპანიების წარმომადგენლებს შორის გაიმართა business-to-business (B2B) კონსულტაციები და ქართული კომპანიების მიერ წარმოებული ღვინისა და ნუგბარის დეგუსტაცია.

You may also like

Leave a Comment

five × five =