თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ხელშეწყობით, თესალონიკის ქართული თეატრალური დასის და ანსამბლ „მამულის“ მიუზიკლი „კურკას ქორწილის“ პრემიერა გაიმართა.
სპექტაკლის პრემიერას დაესწრნენ ქართველი ემიგრანტები, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები.
პრემიერის შესახებ სიუჯეტი მომზადდა ადგილობრივ მედიაში. საქართველოს გენერალურმა კონსულმა ნოდარ კომახიძემ ტელეკომპანია TV-100-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, საბერძნეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავთან დაკავშირებით, უკვე რამდენიმე თვეა იმართება ქართული კულტურის ფესტივალი. ფესტივალის ფარგლებში უკვე გაიმართა ხელოვნების სფეროში მოღვაწე ჩვენი თანამემამულეების არაერთი გამოფენა, პოეზიის საღამო და ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტები.
თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულო მადლობას უხდის თესალონიკის ქართული თეატრალური დასის და ანსამბლ „მამულის“ თითოეულ წევრს შესანიშნავი სპექტაკლისთვის და დაუღალავი შრომისთვის.