ათენში ქართულ-ბერძნული კულტურისა და განათლების ცენტრ „არმაზში“ არსებული ნიკო გომელაურის სახელობის ქართული თეატრალური დასი დაფუძნდა.
პროექტის ავტორი, თეატრის დამფუძნებელი და დამდგმელი რეჟისორი ათენში მოღვაწე ქართველი რეჟისორი და მსახიობი ნიკოლოზ ტყავაძეა. პროექტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს “დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის”საგრანტო პროგრამის თანადაფინანსებით განხორციელდა. 
თეატრი მაყურებლის წინაშე წარდგა ირლანდიელი დრამატურგის, სემუელ ბეკეტის პიესით „გოდოს მოლოდინში“. სპექტაკლის პრემიერას ესწრებოდნენ ათენში საქართველოს საელჩოს თანამშრომლები, ქართველი და ბერძენი თეატრის მოყვარულები.
სპექტაკლის დასასრულს საზოგადოებას სიტყვით მიმართა საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა დეა მუმლაძემ. მან საზოგადოებას ათენში ქართული თეატრის დაფუძნება მიულოცა და წარმატება უსურვა დასს. აქვე ყურადღება გაამახვილა ქართული კულტურის პოპულარიზაციის, საზღვარგარეთ ქართული დიასპორის განვითარებისა და გაძლიერებისთვის “დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის” საგრანტო პროგრამების მნიშვნელობაზე.