Home გენერალი „საქართველო ცივილიზაციათა გზაგასაყარზე“ – ლექცია ბერნის უნივერსიტეტში

„საქართველო ცივილიზაციათა გზაგასაყარზე“ – ლექცია ბერნის უნივერსიტეტში

by administrator
0 comment

2022 წლის 17 ოქტომბერს ბერნის უნივერსიტეტში ქართული სწავლების ინტერდისციპლინარული კურსის – „საქართველო ცივილიზაციათა გზაგასაყარზე“, მე-4 ლექცია გაიმართა, რომელიც საქართველოს ორიათასწლიან ქრისტიანულ ხელოვნებას მიეძღვნა.

ლექციას ბერნის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი მანუელა შტუდერ-კარლენი უძღვებოდა. მან ქართული ქრისტიანული ხელოვნების განვითარების გზაზე, მის უმნიშვნელოვანეს ეტაპებსა და გამორჩეულ ნიმუშებზე ისაუბრა, მათ შორის, კედლის მხატვრობაზე, ხატწერასა და ქვის პლასტიკაზე.

მისი თქმით, ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადებამ საქართველოში ქრისტიანული კულტურის განვითარება განსაზღვრა, როდესაც საფუძველი ჩაეყარა არქიტექტურის განსხვავებულ ფორმებს, გაჩნდა ბიბლიისა და სახარების თემებზე შექმნილი რელიეფური თუ მოზაიკური, კედლის მხატვრობისა თუ დეკორატიულად გაფორმებული ხელნაწერი წიგნების და ხატების ნიმუშები.

შვეიცარელმა პროფესორმა სტუდენტებს მოუთხრო საქართველოს ისტორიაში ისეთი გარდამტეხი მოვლენების შესახებ, როგორიც არის პირველ საუკუნეში მაცხოვრის კვართის ჩამობრძანება და დავანება მცხეთაში, მეფე მირიანის მოქცევა, წმინდა ნინოს მიერ საქართველოს გაქრისტიანება, ჯვრის მონასტრისა და სვეტიცხოველის შექმნა.

ინტერდისციპლინარული კურსი გახლავთ შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს, ბერნისა და ფრეიბურგის უნივერსიტეტების ჰუმანიტარული ფაკულტეტების ერთობლივი უნიკალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც ქართველი და უცხოელი პროფესორები კითხულობენ ლექციებს საქართველოს ისტორიის, კულტურის, ხელოვნების, ქართული ენისა და დამწერლობის შესახებ.

You may also like

Leave a Comment

four × 1 =